Friday, October 25, 2013

რესტავრაცია

პროექტი-გადავარჩინოთ კულტურის ძეგლები



პრობლემის ანალიზი
საქართველო, უდიდესი ისტორიისა და კულტურის მქონე ქვეყანაა. ქართული კულტურის ფასეულობა ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობისაა. თუმცა, თანამედროვე სამყაროში, ხშირად ყურადღების მიღმა რჩება, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა - ,,კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება“. რესტავრაცია-რეაბილიტაცია, ის უმნიშვნელოვანესი დარგია, რომელსაც დიდი როლო აკისრია  ამ საკითხთან მიმართებაში. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ სიფრთხილით მოეკიდოს საზოგადოება და კულტურის მუშაკები რესტავრაციის სფეროს, რათა არ მოხდეს რესტავრაციის პროცესში დაზიანება და ხელყოფა კულტურული მემკვიდრეობის (ამის მაგალითი უამრავია როგორც წარსულში ისე აწმყოშიც).
მართალია, არაერთი საერთაშორისო თუ ქართული ორგანიზაცია მუშაობს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების საკითხზე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც უხვად გვაქვს საქართველოში სარესტავრაციო ძეგლები. ჩემი აზრით, მხოლოდ მთავრობის ან სხვადასხვა ორგანიზაციის მუშაობა ამ კუთხით არ არის საკმარისი. ამ უმნიშვნელოვანესი პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა საზოგადოებაშიც გაიზარდოს თვითშეგნება და ყველამ ერთად გავიაზროთ, რომ თითოეული ტაძარი თუ ფრესკა, არა მთავრობის, არამედ ერის საკუთრებაა და თითოეული ჩვენგანის ვალია თუ ვერ ვუშველით, უფრო მეტად მაინც არ დავაზიანოთ ხელოვნების ნიმუშები.
   ეს პრობლემა, კიდევ უფრო მწვავედ დგას, იმ ქართული ეკლესია-მონასტრების შემთხვევაში, რომლებიც საქართველოს ფარგლებს მიღმაა დარჩენილი. ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე,უპატრონოდ დარჩენილი ქართული ტაძრები ჩვენს თვალწინ ნადგურდება.
ჩემი აზრით, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების საკითხის მოგვარება ყოველთვის პრობლემატური იქნება, თუ მოსახლეობაში არ გაიზარდა პასუხისმგებლობის გრძნობა. ჩვენი პროექტის მთავარი მიზანია მოსწავლეებში გაზარდოს თვითშეგნება, გაიაზრონ საკუთარი ქვეყნის ხელოვნების ისტორია და გაუჩნდეთ პატივისცემის გრძნობა ქართული კულტურის მიმართ. პროექტმა ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერების განვითარებას, კულტურული მემკვიდრეობისა და საზოგადოების წინაშე საკუთარი მოვალეობის და პასუხისმგებლობის გაცნობიერებას.

პროექტის მიზანი

მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ ინფორმაცია ქართული ხუროთმოძღვრების და ფრესკების შესახებ. გაეცნონ ქართული ხელოვნების ისტორიას და გაიაზრონ ქართული კულტურის მნიშვნელობა ისტორიის კონტექსტში. მოსწავლეებმა უნდა გაიაზრონ, რამდენად მნიშვნელოვანია კულტურის ძეგლების შენარჩუნება თანამედროვე მსოფლიოში და ამ პროცესში რამდენად მნიშვნელოვანია ძეგლის დროული რესტავრაცია და კონსერვაცია.

მოსწავლეებს უნდა გამოუმუშავდეთ:
კვლევა-ძიების უნარი; ინფორმაციის ანალიზისა და მასალის დახარისხების უნარ-ჩვევა; სამუშაოების დაგეგმვისა და თანმიმდევრული განხორციელების უნარ-ჩვევა; პრობლემათა გადაჭრის უნარი; პრეზენტაციის უნარი;
სასწავლო მიზნებისათვის კომპიუტერული და ციფრული ტექნიკის გამოყენების უნარი (ფოტოების და ვიდეოს გადაღება, ხმის ჩაწერა, სლაიდ- შოუს გაკეთება, დამონტაჟება, ვიდეოების გადაბმა და .)

მოსწავლეს უნდა გამოუმუშავდეს თანამშრომლობითი უნარები: ისწავლოn ჯგუფური მუშაობა, ჯგუფში არსებული ადამიანური რესურსის გამოყენება; განუვითარდეთ ინდივიდუალური და ჯგუფური  პასუხისმგებლობის გრძნობა.
მოსწავლეებს უნდა ჩამოუყალიბდეთ პატივისცემის დამოკიდებულება ქართული ხელოვნების მიმართ. M
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა უნდა შექმნან სარესტავრაციო კულტურის ძეგლების შესახებ ფორმატები და ვიდეო გადაცემა, მოამზადონ და ჩაატარონ პროექტის პრეზენტაცია .

პროექტის სრული აღწერა

მოსწავლეები მოიძიებენ მასალას იმ ქართული ხელოვნების ნიმუშების შესახებ, რომელთაც აღდგენა და რეაბილიტაცია ესაჭიროება(ეს შესაძლოა იყოს ტაძარი ან ფრესკა) . მოსწავლეები კლასში წარმოადგენენ მათ მიერ მოძიებულ ინფორმაციას და ხდება განხილვა რის შემდეგაც მასწავლებლის მიერ კლასი იყოფა ჯგუფებად .
 ჯგუფებს ევალებათ ფორმატის დამზადება და სლაიდ შოუს გაკეთება არჩეულ თემაზე(ამ ეტაპზე ჯგუფის ერთ-ერთი წევრის თემას ირჩევს ჯგუფი სამუშაოდ )
ჯგუფები მათ მიერ შერჩეულ ხელოვნების ნიმუშებს იკვლევენ: მოიძიებენ ფოტო მასალას, ადგენენ ძეგლის შექმნის პერიოდსა და ისტორიას, დაზიანების მიზეზსა და ხარისხს. მოსწავლეები გაიაზრებენ ძეგლის ისტორიულ და მხატვრულ ღირებულებას, გააცნობიერებენ თუ რამდენად მნიშვნელოვანია დროული და ხარისხიანი რეაბილიტაცია ხელოვნების ნიმუშისათვის. მოძიებული ინფორმაციის მიხედვით ამზადებენ ფორმატს და სლაიდ-შოუს და ემზადებიან  I პრეზენტაციისთვის. შემდეგ ეტაპზე ჯგუფები უკვე მუშაობენ ვიდეოების გადაღებასა და დამონტაჟებაზე რომელსაც უკვე წარმოადგენენ II პრეზენტაციაზე. ჯგუფის მიერ დამზადებული ვიდეო სიუჟეტის წარმოდგენის შემდეგ ყველა ჯგუფი ერთიანდება და ინაწილებს ფუნქცია- მოვალეობებს. კლასი ირჩევს პროექტის წამყვანებს, ოპერატორებს, ტექნიკურ ჯგუფს, ორგანიზატორებს, დიზაინერებს, დამხმარეებს. ხდება ჯგუფების მიერ დამზადებული ვიდეოების გამთლიანება ერთ გადაცემად. სამუშაო ჯგუფი და ორგანიზატორები კი გეგმავენ პროექტის პრეზენტაციას სკოლის მაშტაბით, რის შემდეგაც ვიდეო აიტვირთება ინტერნეტში.

სამუშაო გეგმა

I ეტაპი  (2-3 კვირა)
Mმოსწავლეები ინდივიდუალურად მოიძიებენ სარესტავრაციო ძეგლის შესახებ ინფორმაციას და წარადგენენ კლასში. რის შემდეგაც ხდება განხილვა, მოსმენილის ინფორმაციის ანალიზი და შეჯამება. მასწავლებელი კლასს ჰყოფს 7-8 ჯგუფად და აძლევს დავალებას: ჯგუფმა უნდა აირჩიოს ერთ-ერთი თანაგუნდელის  თემა .  უნდა  გამოიკვლიონ მათ მიერ არჩეული კულტურის ძეგლის მდგომარეობა, მოიძიონ ფოტო მასალა დაადგინონ ძეგლის შექმნის პერიოდი და ისტორია, დაზიანების მიზეზი და ხარისხი, გაიაზრონ ძეგლის ისტორიული და მხატვრული ღირებულება. მოძიებული მასალა უნდა დაამუშაონ, გააკეთონ ფორმატი და სლაიდ-შოუ. პროექტის ფარგლებში მასწავლებელი გეგმავს გაკვეთილს სადაც მოხდება ფორმატებისა და სლაიდ-შოუების პრეზენტაცია. გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელი აჯამებს I ეტაპს და გუნდებს ერთად ავსებინებს მონიტორინგის ფურცლებს, სადაც ჯგუფები აღწერენ მუშაობის პროცესს, თავად შეაფასებენ თავიანთი გუნდის ნამუშევარს და შეეცდებიან გამოკვეთონ ხარვეზები რაც წარმოიშვა მუშაობის პროცესში . კლასში ხდება მონიტორინგის შედეგების ანალიზი და ხარვეზის წარმოშობის სავარაუდი  მიზეზის დადგენა.

II ეტაპი  (2-3 კვირა)
I ეტაპის ბოლოს მასწავლებელი კლასთან ერთად ირჩევს პროექტის ტექნიკური ჯგუფის შემადგენლობას, გუნდებს აძლევს პროექტის მეორე ეტაპის შესაბამისს დავალებას: ჯგუფმა ვიდეო ფორმატში უნდა ჩაწეროს მოკლე შესავალი(სადაც წარმოადგენენ იმ თემას რომელზეც ჯგუფმა იმუშავა), შემდეგ კი ამ ვიდეოს მიაბამენ მათ მიერ უკვე დამზადებულ სლაიდ-შოუს. ბოლოს, კი სლაიდ-შოუს დაადებენ ხმას (სადაც ინფორმაციას თავად მოყვებიან). ტექნიკურ ჯგუფს ევალება დახმარება გაუწიოს ყველა დანარჩენ ჯგუფს იმ შემთხვევაში თუ მათ შეექმნათ რაიმე ტექნიკური სახის პრობლემა.პროექტის ფარგლებში  მასწავლებელი გეგმავს გაკვეთილს  სადაც მოხდება ჯგუფების მიერ დამზადებული ვიდეოების პრეზენტაცია.. გაკვეთილის შემდეგ კვლავ ტარდება შუალედური მონიტორინგი. გუნდები ერთად ავსებენ მონიტორინგის ფურცლებს, სადაც აანალიზებენ მუშაობის პროცესში წამოჭრილ პრობლემებს, საუბრობენ თუ როგორ მოახერხეს ამ პრობლემების  გადაჭრა და აფასებენ თავიანთ ნამუშევარს.
მასწავლებელი ნიშნავს  პროექტის წამყვანს თავისი შეხედულებისამებს, ხოლო მეორე თანაწამყვანის თანამდებობაზე აცხადებს კონკურსს ხმის მიცემის საშუალებით კლასი ერთად წყვეტს ვინ იქნება პროექტის თანაწამყვანი.  ასევე  ოპერატორების, ორგანიზატორების  და დიზაინერების  ,,ვაკანტურ თანამდებობებზე“ ცხადდება კონკურსი  და პედაგოგი კლასთან ერთად ნიშნავს სხვადასხვა საქმეზე პასუხისმგებელ პირებს. მასწავლებელი თითოეულ ჯგუფს უხსნის თავის ფუნქცია მოვალეობას და აძლევს შემდეგი ეტაპის შესაბამის დავალებას.

III ეტაპი  (3-4 კვირა)
მესამე ეტაპზე კლასმა უნდა გააერთიანოს  გუნდების მიერ დამზადებული სიუჟეტები ერთ გადაცემად. ამდენად, უკვე ყველა გუნდი ერთიანდება საერთო საქმის გარშემო . საქმე ნაწილდება სხვადასხვა ჯგუფზე: პროექტის წამყვანებს ევალებათ  შესავალი და დასკვნითი სიტყვების დაწერა, გუნდების ლიდერებს კი ევალებათ თავიანთ პროექტების შესახებ მოკლე შესავალი სიტყვები მოუმზადონ წამყვანებს. ოპერატორების დახმარებით წამყვანები გეგმავენ და იღებენ ვიდეოებს, ტექნიკურმა ჯგუფმა უნდა  დაამზადოს ტიტრები და უზრუნველყოს ვიდეოებისა და სლაიდ-შოუების გამთლიანება ერთ გადაცემად. გადაცემის გამთლიანების შემდეგ პროექტი გადადის დასკვნით ფაზაში.

IV ეტაპი  (2-3 კვირა)
ამ  ეტაპზე იგეგმება პროექტის პრეზენტაცია.  წამყვანები  ორგანიზატორებთან ერთად  ადგენენ პრეზენტაციის სცენარს  და ამზადებენ პრეზენტაციას. დიზაინერები ამზადებენ აფიშას და  მოსაწვევებს, სამუშაო ჯგუფი არიგებს მოსაწვევებს, ხდება საპრეზენტაციო კლასის ორგანიზება და იმართება პროექტის პრეზენტაცია სკოლის მაშტაბით.
პრეზენტაციის შემდეგ ტექნიკური ჯგუფი გადაცემას ატვირთავს ინტერნეტში.
პროექტის დასრულების შემდეგ კლასი ინდივიდუალურად ავსებს მონიტორინგის ფურცლებს, რომელშიც აფასებს მთლიანად პროექტს და მუშაობის პროცესს. გამოხატავს თავის დამოკიდებულებას ზოგადად პროექტით სწავლებასთან დაკავშირებით.
.

პროექტის  შესაძლო აქტივობები კლასში
·             პროექტის მიზნის გაცნობა
·             მოძიებული ინფორმაციის განხილვა
·             სამუშაო გეგმის შედგენა
·             სამუშაო ჯგუფის შედგენა
·             მომზადებული ფორმატების პრეზენტაცია
·             ვიდეოების  დემონსტრირება/ არჩევა
·             პროექტის წამყვანის/ორგანიზატორების/ დიზაინერების/არჩევა
·             პროექტის ტექნიკური ჯგუფის არჩევა
·             ტექნიკური პრობლემების გამოვლენა და აღმოფხვრა
·             პროექტის პრეზენტაციის დაგეგმა
·             პროექტის პრეზენტაცია
·             შუალედური და საბოლოო მონიტორინგი

მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები რომლებიც შეიძლება შეიქმნას
        ·        პროექტში მონაწილე მოსწავლეები გაეცნენ ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების ისტორიას, ქართული ხელოვნების მიმართ გაუჩნდათ ინტერესი, შემდგომშიც განაგრძობენ ქართული კულტურის კვლევას. გაიაზრეს თუ რამდენად დიდი კულტურის შვილები ვართ ქართველები და რომ მემკვიდრეობას გაფრთხილება და პატრონობა სჭირდება.
        ·        მოსწავლეებს განუვითარდათ: კრიტიკული აზროვნების უნარი; პრეზენტაციის უნარი; კვლევა-ძიების უნარი; მასალის დამუშავების უნარი; ინფორმაციის ანალიზის უნარი; სამუშაოების დაგეგმვისა და თანმიმდევრული განხორციელების უნარი; კომპიუტერული ტექნოლოგიების სასწავლო მიზნებისთვის გამოყენების უნარი;
        ·        მოსწავლეებს განუვითარდათ თანამშრომლობითი უნარები : ისწავლეს ჯგუფში არსებული ადამიანური რესურსების გამოყენება, გაიაზრეს რომ საერთო ძალისხმევით შესაძლოა დასახული მიზნის მიღწევა პრობლემების დაძლევა; შეიძინეს გამოცდილება ჯგუფში წამოჭრილი მცირე კონფლიქტების მოგვარების განუვითარდათ ინდივიდუალური/ჯგუფური პასუხისმგებლობის გრძნობა და გამოუმუშავდათ თამანშრომლობითი დამოკიდებულება.
        ·        Mმოსწავლეებმა სარესტავრაციო ძეგლების შესახებ შექმნეს ფორმატები და ვიდეო გადაცემა.  დაგეგმეს, მოამზადეს და განახორციელეს პროექტის პრეზენტაცია . ვიდეო ატვირთეს ინტერნეთში.


                     საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან / კავშირი

ლიტერატურა- მოსწავლეებს განუვითარდათ წერის უნარი, საუბრის, პრეზენტაციის,        დისკუსიის, და ტექსტზე მუშაობის უნარები.

საინფორმაციო ტექნოლოგიები - კომპიუტერთან მუშაობა, ინტერნეტის საშუალებით  ინფორმაციის მოძიება და დამუშავება, სალიდ-შოუს მომზადება, პრეზენტაციის მომზადება, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება: ხმის და ვიდეოს ჩაწერა- დამუშავება და ა.შ

სარგებლობა სხვებისთვის - შეიქმნსა სასწავლო რესურსი, რომელიც გამოყენებულ იქნესხვადასხვა სასწავლო მიზნისთვის. ვიდეოს ნახვის შემდეგ სხვა მოსწავლეებსაც გაუჩნდებათ ინტერსი ქართული ხელოვნების მიმართ.

რესურსი - ფურცლები, ფორმატები, სახატავი მასალები, კომპიუტერი, პროექტორი, ფოტო და ვიდეო კამერა  და. ა.შ

მონაწილეთა ასაკი                             VIII კლასი 12-13 წლის მოსწავლეები
ვადები/ხანგრძლივობა                       2-3 თვე
პროექტის ხელმძღვანელი:                თამარ გოგოლაძე

No comments:

Post a Comment